ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ევოლუცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებაში

ecthr-human-rights-court

მოამზადა ნინო ბოლქვაძემ

შესავალი

ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვით შევეხებით იმ მექანიზმს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით მიღებულია 1950 წელს. ევროპულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 1999 წლის 27 აპრილს. საქართველოს პარლამენტის მიერ კონვენციის რატიფიცირების შედეგად ქვეყნისათვის იგი ძალაში შევიდა 1999 წლის 20 მაისს. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში განმტკიცებულია ძირითადად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელმაც განამტკიცა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და შექმნა მათ შესრულებაზე საზედამხედველო მექანიზმი.

ევროპული კონვენციის საფუძველზე 1959 წელს დაარსდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს და განიხილავს როგორც სახელმწიფოთაშორისო, ისე ინდივიდუალურ განაცხადებს ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ კონვენციის თანახმად ნაკისრი ვალდებულებების სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებული სტანდარტების გათვალისწინებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოში სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესისთვის.

ბოლო 30 წლის მანძილზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო არაერთი გადაწყვეტილება, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირების სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით განმტკიცებული სტანდარტები სულ უფრო მეტად ლგბტ ადამიანების უფლებების ფართოდ ინტერპრეტაციისაკენ იხრება და სულ უფრო მეტ მოთხოვნებს აყენებენ მოპასუხე სახელმწიფოების მიმართ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „ცოცხალ მექანიზმსაც“ კი უწოდებენ, რადგან მისი პრეცენდენტული პრაქტიკა იცვლება საზოგადოების განვითარებასთან ერთად.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების მაგალითებზე განვიხილოთ სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები, ასევე მისი პრაქტიკისა და მიდგომების ევოლუცია ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.

სისხლის სამართლის საკითხები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია იყო ადამიანის უფლებების დაცვის პირველი პრინციპი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაიკავა ძალიან მკაფიო პოზიცია. საქმეებზე “დაჯენ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ”, “ნორის ირლანდიის წინააღმდეგ”, “მოდინოსი კვიპროსის წინააღმდეგ” სასამართლომ დაადგინა რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა წარმოადგენს ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და მის დისკრიმინაციას, მიუხედავად იმისა დაექვემდებარება თუ არა ადამიანი სისხლის სამართლებრივ დევნას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ასეთი კავშირი კრიმინალიზებულია საკმარისია იმისათვის, რომ ამ ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა ჰომოსექსუალის მიმართ ირღვეოდეს ადამინის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლების მოთხოვნები. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, ხოლო მე-14 მუხლით – დისკრიმინაციისაგან თავისუფლება.

გარდა ამისა სასამართლომ  დაუშვებლად მიიჩნია სექსულური კავშირისთვის სისხლის სამართლის კოდექსით განსხვავებული  “თანხმობის ასაკის” დაწესება იმისდა მიხედვით არის ურთიერთობა ჰეტეროსექსუალური თუ ჰომოსექსუალური.

საქართველოში ჰომოსექსუალური კავშირის დეკრიმინალიზაცია მოხდა 2000 წელს.

შეკრების თავისუფლება

ლგბტ პირთა უფლებების დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საჯარო გამოსვლები, მშვიდობიანი მსვლელობები, შეკრებები, მანიფესტაციები. თუმცა მათი ჩატარება რიგ ქვეყნებში დღემდე შეუძლებელია მოქალაქეთა თუ ხელისუფალთა ჰომოფობიური განწყობის გამო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმეები, სადაც სახელმწიფომ  პირდაპირ აკრძალა მსვლელობის ჩატარება ან/და არ უზრუნველყო ასეთი ღონისძიების ჩატარებისთვის შსაბამისი პირობები. ესენია “ალექსეევი რუსეთის წინააღმდეგ” და “ბაჩკოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ”. ორივე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა რომ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც არ მიეცათ შესაძლელბობა მანიფესტაციის ჩატარებისა, დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლები. ანუ ის მუხლები, რომლების იცავენ ადამიანის უფლებას მონაწილეობა მიიღოს მშვიდომიან მსვლელობაში და არ იყოს დისკრიმინირებულნი.

ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ უმრავლესობის შეხედულებები და უარყოფით დამოკიდებულება ასეთი მსვლელობების მიმართ ვერ იქნება მათი აკრძალვის ან ჩატარების შეუძლებლობის საფუძველი. მანიფესტაცია ტარდება იმიტომ რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რაღაცას, რომელიმე პროცესს მივიჩნევთ უსამართლოდ. ხოლო თუ ყველა ყველაფერს ეთანხმება და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობას გამოთქვამს ეს უკვე მანიფესტაცია კი არა, არამედ საყოველთაო ზეიმია.

საქართველოში ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად გამართული მშვიდობიანი მსვლელობის მაგალითია 2012 წლის 17 მაისს, „იდენტობას“ ორგანიზებული მშვიდობიანი მსვლელობა, რომელიც კონტრდემონსტრანტებმა დაარბიეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ 2012 წლის 17 ნოემბერს განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა .

შრომითი ურთიერთბა

ყველა საქმეზე სადაც განმცხადებელი იყო დათხოვნილი სამსახურიდან მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევასა და დისკრიმინაციას.

ოჯახური ურთიერთობები

ურთიერთობები პარტნიორებს შორის

მოცემული ჯგუფის საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს წინაშე იდგა ამოცანა შეეფასებინა, რამდენად შეესაბამებოდა ჰომოსექსუალ ადამიანებს შორის არსებული სტაბილური ურთიერთობების იურიდიული არ აღიარება ადამიანის  უფლებათა ევროპულ კონვენციაში განმტკიცებულ არადისკრიმინაციისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის პრინციპებს. ანალიზს დაექვემდებარა ისეთი სიტუაციები, როგორიცაა: განმცხადებლის დეპორტაცია მიუხედავად იმისა, რომ მას ქვეყნის ტერიტორიაზე ერთსქსესიანი ოჯახი ჰყავდა; პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ ცნობაზე უარი; ოჯახური ურთიერთობებისთვის სამართლებრივი სტატუსის არ მინიჭება.

თავდაპირველად სასამართლოს  პრაქტიკა ერთსქესიან პარტნიორთა ურთიერთობას არ მიაკუთვნებდა ოჯახურ ცხოვრებას და შესაბამისად არ განიხილავდა იმ საჩივრებს, სადაც განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ ირღვეოდა ოჯახური პატივისცემის უფლება.

1983 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ პირველად განიხილა მსგავსი საჩივარი (საქმე X. და Y. დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ) და თქვა, რომ  ერთსქესინ პატრნიორთა შორის ურთიერთობები შეიძლება განვიხილოთ პირადი ცხოვრების და არა ოჯახური ცხოვრების ჭრილში. ჩაითვალა, რომ განმცხადებლებს შეეძლოთ ეცხოვრათ სადმე სხვა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე დადგინდა, რომ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ იყო შელახული. ეს ხაზი შენარჩუნებული იყო კომისიის მომდევნო გადაწყვეტილებებში.

თუმცა 2003 წელს, “კარნერი ავსტრიის წინააღმდეგ” საქმის განხილვისას სასამართლომ მკვეთრად შეცვალა თავისი მიდგომა. საქმის იგივე გარემოებებთან მიმართებაში მიღებულ იქნა საპირისპირო გადაწვეტილება, რომლის მიხედვით დარღვეულად იყო მიჩნეული განმცხადებელთა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და ასევე დისკრიმინაციისაგან თავისუფლება. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული უფლებების შეზღუდვისათვის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზნები და ამ მიზნების მიღწევის პროპორციული, გონივრული მეთოდები. ანუ სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობების სამართლებრივ რეგულირებაზე უარი მიზნად ისახავს რომელიმე კანონიერ მიზანს და რომ ამ მიზნის მისაღწევად ნამდვილად საჭიროა ის ზომები, რომელსაც ის ახორციელებს. მოპასუხე ქვეყნის მთავრობამ ასეთი საჭიროება ვერ დაასაბუთა.

მოცემული მსჯელობის ხაზი სასამართლომ გააგრძელა საქმეზე “კოზაკ პოლონეთის წინააღმდეგ”, რომელთან დაკავშირებითაც აღნიშნა: “საჭიროა მივიღოთ მხედველობაში ის ცვლილებები, რომელთაც ადგილი აქვთ ჩვენ საზოგადოებაში და ასევე ის ფაქტი, რომ პირადი ცხოვრება შეიძლება სხვადასხვა ხერხით ხორციელდებოდეს. ხოლო ერთსქესიან ურთიერთობაში მცხოვრები პირებისთვის პარტნიორის გარდაცვალების შემდგომ ბინის იჯარის მემკვიდრეობაზე უარის თქმა არ არის საჭირო ტრადიციული ოჯახის დასაცავად.”

მას შემდგომ სასამართლომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა კონვენციის განმარტებისას და 2010 წელს საქმეზე “შალკ და კოფ ავსტრიის წინააღმდეგ” მიუთითა: მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სახელმწიფოთა შორის ჯერ არ არსებობს კონსენსუსი იმ საკითხთან მიმართებაში უნდა მოხდეს თუ არა ერთსქესიანი ოჯახის აღიარება და ევროპის საბჭოს მხოლოდ 6 ქვეყანა აძლევს თავიანთ მოქალაქეებს უფლებას შექმნან ერთსქესიანი ოჯახები, დამოკიდებულებამ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ბევრ ქვეყანაში განიცადა ევოლუცია და აღნიშნული ევოლუციის გათვალისწინებით ძალიან ხელოვნური იქნება იმის მტკიცება, რომ სხვადასხვა სქსესის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით ერთსქესიან პარტნიორებს არ შეუძლიათ ოჯახური ცხოვრება.

აქედან გამომდინარე, ოჯახური ცხოვრების მცნება მოიცავს ერთსქესიან პარტნიორობაში მცხოვრებ განმცხადებელთა ურთიერთობას და სახელმწიფოს არ შეუძლია ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბინის იჯარის მემკვიდრეობით გადაცემა ან სადაზღვევო ურთიერთობის გაგრძელება უარი თქვას იმ მოტივით, რომ პირის ურთიერთბა იყო ჰომოსექსუალური და არა ჰეტეროსექსუალური. თუმცა სასამართლო ჯერ-ჯერობით არ ავალდებულებს სახელმწიფოს ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონის მიღებას, რადგან თვლის, რომ ყოველმა კონკტრეტულმა სახელმწიფომ უკეთ იცის მისი მდგომარეობა და იმის გათვალისწინებით ღებულობს გადაწყვეტილებას.

თუმცა, როგორც ვთქვით ევროსასამართლოს პრაქტიკაც განიცდის ევოლუციას და არ არის გამორიცხული ამ საკითხთან მიმართებაში  მომავალში სასამართლოს სულ სხვა გადაწყვეტილებები ვიხილოთ.

 

მშობლების უფლებები

ამ სფეროდან საჩივრებში განიხილებოდა შემდეგი საკითხები: სახელმწიფოს მიერ იმ ურთიერთობის არ ცნობა, რომელიც ჩამოყალიბდა ერთ-ერთი პარტნიორის შვილსა და მეორე პარტნიორს შორის; ბავშვის უფლებების განმარტება მისი მშობლის ან მშვილებლის ჰომოსექსუალობის კონტექსტში; ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში დაბადებული ბავშვებისათვის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა, შემდგომი ერთსქესიანი ქორწინების გათვალისწინებით.

პირველად სასამართლოს წინაშე დაისვა კითხვა – არღვევს თუ არა ევროკონვენციის ნორმებს ეროვნულ კანონმდებლობაში იმ რეგულირების არ არსებობა, რომლის მიხედვითაც ერთსქესიან პარტნიორებს მიეცემოდათ მათი პატრნიორების ბიოლოგიური შვილების შვილების უფლება. საქმეზე “კერკჰოვენ და ხინკე ნიდერლანდების წინააღმდეგ” 1992 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიას საჩივარი დაუშვებლად სცნო, თითქმის ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.

1999 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მსგავს საქმეზე – “სალგუეირო და სილვა მოუტა პორტუგალიის წინააღმდეგ”. საჩივარი იყო განპირობებული ეროვნული სასამართლოების უარით განმცხადებლის მოთხოვნაზე მის არასრულწლოვან შვილს მასთან და მის ერთსქესიან პარტნიორთან ერთად ეცხოვრა. პორტუგალიურმა სასამართლომ განმარტა, რომ “ბავშვის ინტერესებშია ტრადიციულ პორტუგალიურ ოჯახში იზრდებოდეს, ხოლო ჰომოსექსუალობა ისეთი გადახრაა, რომლის პირობებშიც ბავშვი არ უნდა იყოს მოთავსებული.” სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლეგიტიმური მიზნის მიუხედავად (ბავშვის ინტერესების დაცვა) არ ვლინდებოდა ლოგიკური კავშირი გამოყენებულ ხერხს (მამასთან აღზრდის აკრძალვას) და და თვით მიზანს (ბავშვის კეთილდღეობას) შორის. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა განიცადა დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2010 წელს. საქმე ეხებოდა ალიმენტის ოდენობას. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა შეემცირებინა ალიმენტის ოდენობა განმცხადებლის სასარგებლოდ მიუხედავად მისი ერთსქესიანი სტაბილური ურთიერთობისა. საქმეში “ჯ. მ. დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ” ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ალიმენტის შემცირება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მშობელი იქნებოდა ჰეტეროსექსუალურ ურთიერთბაში, ქორწინებით ან მის გარეშე

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ვერ გამოავლინა მიზეზები, რომლებიც გაამართლებდნენ სხვადასხვაგვარ მოპყრობას და შესაბამისად დაადგინა დისკრიმინაციის არსებობა.

ოჯახური ურთიერთობები ტრანსგენერ ადამიანთა მონაწილეობით 

სასამართლომ განიხილა საქმეები დაკავშირებული ქორწინების რეგისტრაციასა და შეწყვეტასთან, ასევე ტრანსგენდერ ადამიანთა მშობლების უფლებებთან. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხშიც სასამართლოს პრაქტიკამ მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა.

თავდაპირველად სასამართლო არ აღიარებდა ევროკონვენციის მე-12 მუხლის (ქორწინების უფლების) დარღვევას და დისკრიმინაციის არსებობას იმ საქმეებზე სადაც ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ტრანსგენდერ პირთათვის ოჯახის შექმნის შესაძლებლობას. მაგრამ შემდგომ, 2002 წელს სასამართლოს პრაქტიკა შეიცვალა. სასამართლომ აღიარა ევროკონვენციის მე-12 მუხლის დარღვევა საქმეში “ქრისტინა გუდვინ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ” და თქვა, რომ დაუშვებელია ტრანსგენდერთათვის ქორწინების უფლების ჩამორთმევა.

ტრანსგენდერ მშობელთა მდგომარეობა ცალსახა არ არის. საქმეზე “X., Y. და  Z დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ” სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს უარი აღიაროს პირი მამად, როდესაც მან შეიცვალა სქესი, მამაკაციდან ქალზე, არ წარმოადგენს დარღვევას. თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო 1997 წელს. მას შემდეგ კი თავად სასამართლომ ბევრნაირი შეხედულება შეიცვალა.

ტრანსგენდერ ადამიანთა მდგომარეობა

1992 წელს სასამართლომ საქმეზე “კოსსი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ” პირველად განმართა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში იმ რეგულირების არ არსებობა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანს სქესის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს არღვევს ევროკონვენციის მოთხოვნებს.

2002  წელს  ქრისტინა გუდვინის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთი აძლევს შესაძლებლობას ტრანსგენდერ ადამიანებს შეიცვალონ სქესი, თუმცა არ აღიარებს ოფიციალურ დოკუმენტებში სქესთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერის შესწორების შესაძლებლობას, რასაც გაუმართლებლად დიდი ტანჯვა მოაქვს ტრანსგენდერ პირთათვის. აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია რომ ასეთ პირთა მიმართ ირღვევა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება.

2003 წელს სასამართლომ განიხილა საქმე “ვან კიუკ გერმანიის წინააღმდეგ”, სადაც განმცხადებელი ასაჩივრებდა სახელმწიფოს უარს სქესის შეცვლასთან და ჰორმონალურ თერაპიასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე. ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს რომ მსგავსი ხარჯები არ შეიძლება მივიჩნიოთ აუცილებელ ხარჯებად. თუმცა სასამართლომ მკაფიოდ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა სამედიცინო სპეციალისტების გადასაწყვეტია. გარდა ამისა დაუშვებელია ტრანსგენდერი პირისათვის ქირურგიული ოპერაციების საჭიროების მტკიცების ტვირთვის დაკისრება.

უფრო მეტიც, საქმეზე “გრანტ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ” სასამართლომ დაადგინა, რომ სქესის შეცვლას თან უნდა სდევდეს სქესზე დამოკიდებული საპენსიო ასაკის შეცვლა.

კიდევ ერთი საინტერესო საქმე სქესის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლომ განიხილა 2007 წელს. ლიტვის ერთ-ერთ მოქალაქეს უარი ეთქვა სქესის შეცვლის იურიდიულ აღიარებაზე, რადგან მას სრულად არ ჰქონდა გავლილი ამისათვის საჭირო ყველა ოპერაცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიმართ სახელმწიფომ, დოკუმენტებში სქესის არ შეცვლით, დაარღვია მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება.

 დასკვნა

დღეის მდგომარეობით, ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე პრინციპი რომლებსაც ეფუძნება ჰომოსექსუალური და ტრანსგენდერი ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობა:

  • სექსუალური ურთიერთობები ზრდასრულ ადამიანებს შორის არ უნდა განიხილებოდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

  • თანხმობის ასაკი ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ურთიერთბებისთვის უნდა იყოს ტოლი.

  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ლგბტ პირთა უფლებების დაცვის მიზნით ორგანიზებული მშვიდობიანი მსვლელობების ჩატარების შესაძლებლობა.

  • შრომით ურთიერთბებში და სახელმწიფო სამსახურში არ უნდა დაიშვებოდეს სექსუალური ორიენტაციის საფუძვლით დისკრიმინაცია.

  • ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთბა შეიძლება აღიარებულ იქნას ოჯახურ ცხოვრებად.

  • მშობლის თუ პოტენციური მშვილებლის ჰომოსექსუალობა არ უნდა იყოს მისი უფლებების შეზღუდვის საფუძველი.

  • იმისათვის, რომ ერთსქესიანი და ორსქესიანი წყვილების მიმართ განსხვავებული მოპყრობა არ ჩაითვალოს დისკრიმინაციად  ამისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი მიზეზების არსებობის დამტკიცება.

  • ტრანსგენდერ ადამიანებს სქესის შეცვლის პროცესში და  შემდეგ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეცვალონ ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის დაბადების მოწმობა და მათი გენდერული იდენტობა უნდა იყოს აღიარებული სამართლებრივი საჭიროებებისთვის.

ყოველი ზემოაღნიშნული სტანდარტი უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს როგორც კანონმდებლობასა ისე პრაქტიკაში, რათა ლგბტ პირთა ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული.

დატოვე კომენტარი მოდერაციის გარეშე. კომენტარები, რომლებიც ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავს, წაიშლება.

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s