ქალიშვილობის დაკარგვა

1473853_667363736647926_938812656_n

ავტორი: გამვლელი

- შენი იდეაა?

- არა, მეგობარს უნდა გაეკეთებინა და ვერ შეძლო, მერე მე მთხოვა… ორგანიზაციიდანაც კი არ ვარ…

- ეთანხმები პრინციპს?

- ჰო: სამსახურის მერე კაცებთან უნდა დალიო, უნდა დადიოდე ბოზებში და ეკლესიაში, ცოლად მოიყვანო ქალიშვილი…

- მეც ყელში ამომივიდა წესები. ფემინისტი ვარ, – გაეღიმა გოგოს, – მოიტანე მასალა?

- კი, ას სამოცდაათია, ამაზე დიდ ქალაქსაც კი ეყოფა.

- ჰო, გარიჟრაჟზე გავიდეთ, რომ არ დაგვიჭირონ ან ადგილზე გაგვანეიტრალონ, – ეღიმება.

ორი არასტანდარტულად გამოწყობილი ახალგაზრდა სარდაფის სარკმლიდან ცას გაჰყურებს, გათენებას ელის.

- მაინც რას იზამდი აი ეხლა რომ… ხომ გესმის?

- ჰო, დავსერიოზულდი, – ჩაახველა ბიჭმა.

- ეს ღამე ბოლო რომ იყოს, რას იზამდი? მე ალბათ იმას, რაც არასოდეს გამიკეთებია.

- მე მოვწევდი. ქალიშვილი ხარ?

- შენთან დაწოლას მთავაზობ?

- არა, რატომ ჩემთან?

- აბა ვისთან? სამი საათია დარჩენილი და აქ ჩვენს მეტი არავინაა.

- კი მაგრამ, მართლა დაწვებოდი? – კითხულობს ბიჭი.

- ჰო, დაწვებოდი, არ მოგწონვარ თუ რა?

- როგორ არ მომწონხარ!

- ჰოდა დავწვეთ!

- როგორ?

- როგორც ცოლ-ქმარი პირველ ღამეს, – იცინის გოგო, -ჰოდა ვითომ ვართ ცოლ-ქმარი, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ.

- ვითომ? მართლაც, ჩემი მეგობარი ყვებოდა, თუ როგორ დააქცევინა სისხლი ცოლს. მას შემდეგ შემზიზღდა ტრადიციები…

- ქალიშვილი რომ არ ვიყო, დაწვებოდი ჩემთან?

- ასეთი გგონივარ? – გაეცინა ბიჭს.

- რატომ, შენთვისაც პირველი ხომ არაა?

- რა თქმა უნდა არა, მაგრამ პირველი არ იყო სასიამოვნო, ხომ გესმის… და მერე რას იზამ, ჩემთან რომ დაწვები?

- როგორ რას ვიზამ, ცოლად კი არ მოგყვები!

- მაგრამ ხომ უნდა გათხოვდე?

- მერე შენ გგონია, მე ისეთ მამაკაცს ვეძებ, ვინც ქალიშვილობის გამო მომიყვანს ცოლად?

სიჩუმე.

- შენ წარმოიდგინე, პირველად ვეწევი, – ბიჭმა თუთუნი ამოიღო ჯიბიდან.

- მცივა…

- მოდი ჩემთან, ხელს მოგხვევ ბეჭებზე. აი ჩემი ქურთუკი!

- იცი, ხვალ თუ დამიჭირეს, აუცილებლად ბოზის სახელს მომაწებებენ!

- ეუფ!

სიჩუმე.

- ნეტა მართლა როგორ შეუძლიათ ასე?

- არ ვიცი…

სარდაფის სარკმელში პირველმა სხივებმა შეაღწია. განათებაც დაიწყო, ვარსკვლავები გაქრნენ. კომბინეზონები ჩაიცვეს. ბიჭი საჭესთან დაჯდა, გოგომ დიდ ბალონებს თავები მოხსნა.

- აბა დავიძარით! მიდი ეხლა მიდი, მიდი! – შეშინებული თვალები ერთმანეთს შეხვდა, – მზადა ვარ, მიდი! – თქვა გოგომ.

კარები გაიღო, ბალონები ერთმანეთის მიჯრით დაყირავდა: ერთი, ორი, სამი, ოთხი…

- მიდი, მიდი! უჰუუუუუუ, – ყვიროდა გოგონა. მანქანა გიჟივით დაქროდა ქალაქში. პატრულის მანქანაც გამოყვა კვალს. მანქანიდან გადმოვიდნენ, სირბილით აიარეს ვიწრო ქუჩები და დაფეთებულები შეერივნენ ვიწრო სახლებს.

- გავაკეთეთ, გავაკეთეთ, გესმის?

- ჩუუ, რა გაყვირებდა, გოგო?

- მიხაროდა, ქალიშვილობის დაკარგვა მიხაროდა! სიცილი ვერ შეიკავეს, ახარხარდნენ.

მალე ქალაქში დიდი ამბები მოხდა: დილის ექვს საათზე ქუჩები გაწითლდა, რადგან მანქანებმა ყველგან გადაიტანეს კვალი. საღებავი გავრცელდა სკოლებში, ბანკებში, პოლიციაში, ეკლესიებსა და მაღაზიებში, კედლებზე, რიკულებზე, მეტროში, პარკებსა და სკვერებში, მოედნებზე, ძეგლებზე. ბავშვებმა საღებავით თამაში დაიწყეს, ქალაქის სანიტარული დასუფთავების სამსახური ამაოდ ცდილობდა ლაქების გაწმენდას. პოლიციამ „დამნაშავის“ კვალს ვერ მიაგნო, ფოტოგრაფებს საქმე გამოუჩნდათ. მხატვრებმა ქალაქი ხელახლა დახატეს ან უკვე დახატული გააფერადეს, ქალაქის დასათვალიერებლად უამრავი ტურისტი გამოეშურა. ყველა მცხოვრების სახლში შეიპარა წითელი კვალი. მთელი ქალაქი წითელ საღებავში ამოიგანგლა…

- შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა გავაკეთეთ… მოდი, ტელეფონები გავცვალოთ…

- მანქანა აღარ მაქვს, არც სამსახური – საღებავების მაღაზიაში ვმუშაობდი…

- მართლა? რა კარგია…

- რა ვიცი…

- ამ საღამოს რას აკეთებ?

დატოვე კომენტარი მოდერაციის გარეშე. კომენტარები, რომლებიც ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავს, წაიშლება.

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s