თამარ ივერის პრესკონფერენცია „იდენტობაში“

iveri_bg 1

დღეს, „იდენტობაში“, თამარ ივერის პრესკონფერენცია გაიმართა. მან, დაწვრილებით ისაუბრა ბოლო პერიოდში მის ირგვლივ მომხდარი მოვლენების შესახებ. როგორც „იდენტობას“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, 11 ოქტომბერს, ქამინგ აუთის საერთაშორისო დღეს, თამარ ივერის მონაწილეობით, გაიმართება კონცერტი, რომელიც საქართველოში ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული. „სამწუხაროდ, საქართველოში ძალზე ხშირია დისკრიმინაციის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები. შეიძლება, ადამიანებს არ მოეწონოთ ვიღაცის ჩაცმულობა, სექსუალური ორიენტაცია, კანის ფერი, ან რაიმე სხვა. შედეგად, ვიღებთ მძიმე სიტუაციას, რომლის წინააღმდეგაც, თავს მოვალედ მივიჩნევ, ხმა ავიმაღლო. ძალადობა, თავისთავად, მკვეთრად ნეგატიური მოვლენაა, და მინდა, ამ კონცერტით გამოვხატო ჩემი მის მიმართ დამოკიდებულება“, – განაცხადა ივერმა.

კითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის საპატრიარქოს პოზიციის შესახებ დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, თამარ ივერმა უპასუხა: „ერთსულოვნების არხზე გამუდმებით გადის საოპერო დადგმები ჩემი მონაწილეობით. მაგრამ, თუ საპატრიარქოსთვის ასეთი მისაღები ფიგურა ვარ, მაშ რატომ არ ამოიღო ხმა მან მაშინ, როდესაც ჩემზე ურიცხვი თავდასხმა ხორციელდებოდა? ახლა, როდესაც კონცერტი იმართება და ამ კონცერტის მთავარი მესიჯი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა, საპატრიარქო წინააღმდეგი რატომ უნდა წავიდეს? ძალადობას ხომ არ გაამართლებს?

მიუხედავად იმისა, რომ ღრმად მორწმუნე ადამიანი ვარ, არსებობს საკითხები, რომელშიც საპატრიარქოს ვერ დავეთანხმები. თუნდაც, ეპისტოლეში, რომელშიც სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები უბედურ არსებებად არიან მოხსენიებულნი. ჩემთვის გაუგებარია ბავშვების დაყოფა, ნებისმიერი ნიშნით. კიდევ ვიმეორებ, ღრმად მორწმუნე ადამიანი ვარ, მაგრამ არც თავად უფალი ჩვენი, იესო ქრისტე მოვლენია ამ ქვეყანას ჩვეულებრივი ჩასახებით“.

თამარ ივერმა, ასევე, ვრცლად ისაუბრა ბოლოდროინდელ მოვლენებზე: „ამ ამბის შემდეგ, მთელი ქვეყანა ჩემს წინააღმდეგ აღსდგა. მესმის, რომ ლგბტ ადამიანებისთვის ჩემი ფრაზები ნამდვილად საწყენი და შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ისეთებმა მესროლეს ტალახი, რომლებიც ამ საკითხთან არანაირ კავშირში არ იყვნენ. უამრავი წერილი მომდიოდა ადამიანებისგან, ვინც ჩემი გამონათქვამებით ნაწყენი დარჩა. სიდნეის ოპერაში „ოტელოში“ გამოსვლაზე თავად განვაცხადე უარი, რადგან იქ, სადაც მსმენელი ჩემს მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, არაფერი მესაქმებოდა. გარდა ამისა, პატივი ვეცი ჩემს კოლეგებს, რომლებსაც პრემიერა უნდა ემღერათ და დისკომფორტისგან გავათავისუფლე. სინამდვილეში, არც ჰომოფობი ვარ და არც – ძალადობის, თუნდაც ვერბალურის, მომხრე. პირიქით, ვგმობ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, ნებისმიერი ფორმით. გულწრფელად ვწუხვარ მომხდარზე, ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები იყო და ჩემს შეხედულებებს ნამდვილად არ გამოხატავდა. ამის დასამტკიცებლად, მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო. ჩვენთან, უამრავი ადამიანის უფლება ირღვევა, კანის ფერის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, ან უბრალოდ განსხვავებული ჩაცმულობის გამოც კი. ძალიან გული შემტკივა ცხოველების უფლებებზე. რადგან ძალადობის პრობლემა ასეთი მწვავეა, მიმაჩნია, რომ მომავალი კონცერტის იდეა სწორედაც რომ დროული იყო.

რაც შეეხება კონცერტს – ორგანიზატორებს, მონაწილეებს, სპონსორებს და ა.შ., ამ იდეას მე ვაჟღერებ დღეს, და იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემომიერთდება ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ამ აქციაში. მუდმივად არსებობს სიტყვისა და საქმის თანხვედრის პრობლემა. მე დავამტკიცებ, რომ ჩემს სიტყვაზე მეტად, საქმე ფასობს. ვნახოთ, ვინ ამიბამს მხარს ამ წამოწყებაში, ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ საქველმოქმედო აქციაში, ვინ არის მზად, ძალადობას დაუპირისპირდეს რეალურად, და არა ვერბალურად“, – დასძინა თამარ ივერმა.

პრეს-რელიზი: თამარ ივერი ქამინგ-აუთის საერთაშორისო დღეს ადამიანის უფლებების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავს

copy-copy-logo_transparent23.png 3

English |  ინგლისური

 17.07.2014, იდენტობა

ლგბტ ადამიანებს სიძულვილთან გამკლავება ყოველდღიურად გვიწევს. მტრული გარემო ბევრ ჩვენგანს არა მხოლოდ იდენტობის მალვას აიძულებს, არამედ განცდილი ჩაგვრის შესახებ საუბარსაც კი ძალადობრივად გვიკრძალავს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით ღირებულია საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივსაცემი ადამიანების მიერ თანასწორობის პრინციპის პატივისცემა და ძალადობის დაგმობა. სწორედ ამიტომ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი აუდიტორიის დიდი ნაწილისთვის მტკივნეული იყო თამარ ივერის გვერდზე განთავსებული 2013 წლის 17 მაისისადმი მიძღვნილი ჰომოფობიური შინაარსის წერილი.

2014 წლის 15 ივნისს, თამარ ივერი საკუთარი ინიციატივით ჩვენს “იდენტობის” ოფისს ეწვია. შეხვედრაზე, მეგობრულ ატმოსფეროში ვრცლად ვისაუბრეთ სიძულვილის ენის მავნებლობაზე ჩვენს ისედაც ძალადობრივ საზოგადოებაში, რადგან ეს სოციალური შუღლის გაღვივებას და ჩაგრული ჯგუფების მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. თამარ ივერი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ გამოვლენილი ძალადობა ცალსახად ნეგატიური მოვლენაა და სიძულვილის ენას საჯარო სივრცეში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. მან ასევე ღრმა გულის წუხილი გამოხატა იმ ტკივილის გამო, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრებ ლგბტ ადამიანებს მის “ფეისბუკის” კედელზე შარშან განთავსებული ტექსტით მიადგა.

11 ოქტომბერი ლგბტ ადამიანების მიერ ჩაგვრის გაცნობიერებისა და იძულებით დამალული გენდერული იდენტობის თუ სექსუალური ორიენტაციის გაცხადების საერთაშორისო დღეა. ამიტომ, თამარ ივერს დიდი სურვილი აქვს ამ დღეს, საოპერო თუ ხელოვნების სხვა დარგების შემსრულებლები გააერთიანოს და ყველა გარიყული ჯგუფის მიმართ საკუთარი თანადგომა გამოხატოს საქველმოქმედო კონცერტზე, ხოლო შემოსავალი მთლიანად ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებს გადასცეს. მისასალმებელია, რომ ივერთან ერთად ამ დღეს, ქართველი თუ უცხოელი მომღერლები საზოგადოებას ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი და სოლიდარული გარემოს შექმნისკენ მოუწოდებენ.

ღრმად გვწამს, თითოეული ადამიანი მოვალეა უპირობოდ ცნოს ადამიანის უფლებების საყოველთაობის პრინციპი. ამის გარეშე, მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოუდგენელია. რადგან სხვადასხვა ნიშნით გარიყულ ჯგუფებს მუდმივად გვერთმევა გამოხატვისა და განცდილი პრობლემების საზოგადოებასთან გაზიარების უფლება, სიძულვილის კულტურის შესუსტებისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი ჩვენთვის ღირებულია. ამის მიუხედავად, არ გვავიწყდება, რომ ჰომოფობიური გამონათქვამებით კონკრეტული ლგბტ ადამიანებისთვის მიყენებული ზარალის სრულად კომპენსირება შეუძლებელია.

ჰომოფობიის მავნებლობის გათვითცნობიერება და დაჩაგრული ჯგუფებისადმი სოლიდარული პოზიციის ღიად გამოხატვა ყოველი ადამიანისგან და მით უმეტეს ცნობილი და საზოგადო მოღვაწეებისგან თავისთავად მნიშვნელოვანი და დადებითი პრეცედენტი და ყველასთვის სასიკეთო მხარდაჭერის მაგალითია.

საუზმე/ვახშამი მარტინ(ის)თან

rickymartinint

“ჩინებული სიახლე მათთვის, ვისაც რიკი მარტინთან დაწოლაზე უოცნებია“, – ამ ფრაზით გვიამბობს ბლოგი Queerty სახელგანთქმული პუერტორიკოელის ახალი ინიციატივის შესახებ.

ორშაბათს, რიკი მარტინმა ახალი კამპანიის დაწყება დააანონსა. რიკი საკუთარი საქველმოქმედო ფონდისთვის თანხების მოძიებას შეუდგა, – ამჯერად ახალი სკოლის აშენებას აპირებს. ხარჯის ძირითად ნაწილს ფონდი დაფარავს, მაგრამ, მუსიკოსი დამატებითი თანხის მოზიდვასაც გეგმავს საკუთარი თაყვანისმცემლების მეშვეობით: ვიღაცას ალბათ გაუმართლებს და მასთან ერთად ივახშმებს…

ამისთვის საგანგებოდ, რიკიმ ვიდეორგოლიც კი ჩაწერა, სადაც იგი თვალებს აჟუჟუნებს და თანამოსაუბრეს ხან ინგლისურად, ხანაც ესპანურად ეჟღურტულება. მას, როგორც ჩანს, პედიკიურის გაკეთებაც შეუძლია, ლეკვების გასეირნებაც და საიდუმლო დღიურის გაზიარებაც.

ბედნიერი გამარჯვებული სიდნეის ბილეთის მფლობელიც გახდება, სადაც რიკი ავსტრალიურ მუსიკალურ შოუში The Voice მიიღებს მონაწილეობას, ჟიურის რანგში.

ესე იტყოდა ვაგინა

10400819_880883828605534_2273925584463758249_n

გუშინ, ლიტერატურის მუზეუმის სცენაზე, ”ვაგინის მონოლოგების” ახალი დადგმის მეორე სპექტაკლი გათამაშდა.

ტრადიციულად საქველმოქმედო სპექტაკლს უჩვეულო შესავალი ჰქონდა – დადგმის მონაწილეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს დიდუბის რაიონში შშმ ადაპტირებული საქანელის ჩამოხსნასთან დაკავშირებით. ამის აღსანიშნავად, კედელზე საქანელა ეკიდა.

saqanela

სპექტაკლი საქანელას თანხლებით მიმდინარეობდა

”ვაგინის მონოლოგების” ქართული დადგმის წლევანდელი ვერსია ლიკა ბარაბაძემ განახორციელა. შარშანდელი დადგმისგან განსხვავებით, ახალმა რეჟისორმა, სპექტაკლში სხვადასხვა რეკვიზიტების შეტანით, სადა დადგმაში სიხალასე შეიტანა. ”დადგმაში გამაცოცხლებელი ელემენტები შევიტანეთ – კედელზე დაკიდებული წითელი კაბა ნამდვილად ეხმიანებოდა კონტექსტს. საკუთარი რიგის მომლოდინე გამომსვლელები სცენაზე განლაგებულ სკამებზე ისხდნენ. აქედან ორმაგი სარგებელი მივიღეთ: გოგონები თან ისვენებდნენ და ისე ელოდნენ საკუთარ გამოსვლას, თანაც გამომსვლელიც არ გრძნობდა თავს მარტოდ. მე და ნათია ხარატიშვილს ორივე დადგმაში მონაწილეობა გვხვდა წილად. შარშანაც და წელსაც, ჩვენთვის, ყველასთვის, დადგმაში მონაწილეობა დიდი თერაპია იყო. რეპეტიციებისას, ერთგვარ ემოციურ ვენტილაციას გავდიოდით ყველანი, რომ ეს მონოლოგები მხოლოდ ჩვენი ზურგით კი არ გვეტარებინა, არამედ გაგვეცნობიერებინა და გავზრდილიყავით. არავინ კითხულობს ტექსტს ისე, უბრალოდ. ყველას რაღაც სტკივა, ყველა რაღაცას განიცდის”, – დასძინა ლიკა ბარაბაძემ.

ნინო ხარშილაძე, სპექტაკლის მონაწილე: ”თავდაპირველად, ნამდვილედ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ”ვაგინის მონოლოგებში” მონაწილეობას შევძლებდი. მაგრამ, როდესაც ჩემი ტექსტი წავიკითხე, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერი იყო. შინ კარგად ვივარჯიშე, და ყველაფერი კარგად გამოვიდა. მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც ქალის უფლება სრულებით არაფერს ნიშნავს. ჩემთვის წარმოუდგენელია, მათი ტკივილი არ გავიზიარო და მათი პრობლემებით არ ვიცხოვრო. ”ვაგინის მონოლოგებში” ჩემი მონაწილეობა ჩემეული პროტესტია ქალების მიმართ ძალადობისადმი, რომელიც დღესაც აქტუალურია. საქართველოშიც ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა. ხშირად, ქალს არ აქვს უფლება, იყოს ბედნიერი!”.

ანა მაისურაძე, სპექტაკლის მონაწილე: ”სპექტაკლზე მუშაობის პროცესი ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო. ასევე, სასიამოვნო იყო დარბაზიდან ტაშის მოსმენა. როდესაც შარშანდელი დადგმა ვიხილე, მას შემდეგ, დიდი  სურვილი მქონდა, განახლებულ დადგმაში მონაწილეობა მიმეღო. ვფიქრობ, რომ როგორც შარშანდელი, ასევე წლევანდელი დადგმა ძალზე საინტერესო და თავისთავადი იყო. იმედია, გაისადაც რაღაც განსხვავებული დადგმა გამოვა”.

ბექა, მაყურებელი: ”ვაგინის მონოლოგების” უკვე მეოთხე სპექტაკლს ვესწრები. შეუძლებელია, ამ ნაწარმოებს გულგრილად შეხედო. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მისი დადგმა ძალზე დროული და აქტუალურია. საოცრებაა, რომ ქართული ვერსია ასეთი განსაცვიფრებელი ვირტუოზულობით განხორციელდა. ყოჩაღ ”იდენტობას”, ყოჩაღ ყველა იმ გოგონას, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ საოცარი პროექტის განხორციელებაში!”.

“ვაგინის მონოლოგები” 14 ივნისის საღამოს გელით

oy4u

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”, ქალთა პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით,  2014 წლის 14  ივნისს, ფემინისტი აქტივისტისა და დრამატურგის ივ  ენსლერის ცნობილ ეპიზოდურ პიესას,  “ვაგინის მონოლოგებს”, მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ დადგამს.

* სპექტაკლზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ფორმაში  მიუთითეთ თქვენი კოორდინატები,  რათა შევძლოთ თქვენთან დაკავშირება ბილეთების თაობაზე.

საღამო საქველმოქმედოა.

შემოსული თანხა ძალადობიგან დაცვის ეროვნულ ქსელის ბენეფიციარებს მოხმარდება.

მინიმალური შესაწირი 7 ლარს შეადგენს.

* ჟურნალისტებისათვის გათვალისწინებულია ცალკე კვოტა: სპექტაკლზე დასწრების მსურველ ჟურნალისტებს გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი აკრედიტაცია. ამისათვის საჭიროა, ფორმის შევსების დროს მიუთითოთ თქვენი  პროფესია (მოქმედი ჟურნალისტი) და სამუშაო ადგილი.

მათ, ვინც წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა სურს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე:

 

კამპანია V-Day-ს შესახებ

V-Day აქტივისტთა გლობალური კამპანიაა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა საქველმოქმედო თუ ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ძალადობაზე. მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით. კამპანია ეწინააღმდეგება ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ცემა და გაუპატიურება, ინცესტი, ქალთა გენიტალიების მუტილაცია თუ ტრეფიკინგი.

“ვაგინის მონოლოგების” შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”, ქალთა პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით და მათი უფლებების დასაცავად, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებას. ამ მიზნით, “იდენტობა” აქტიურად უჭერს მხარს გლობალურ ქალთა მოძრაობის V-day-ს კამპანიას და პრიორიტეტულად მიაჩნია ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციის დაძლევის პოლიტიკის განხორციელება.

პიესა, “იდენტობამ” გასულ წელს ორჯერ – 26 ივნისს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე და 23 ივლისს სამედიცინო უნივერსიტეტის სცენაზე დადგა.

“ვაგინის მონოლოგები” ამერიკელი დრამატურგისა და ფემინისტი აქტივისტის, ივ ენსლერის, ცნობილი პიესაა. ენსლერმა მონოლოგების პირველი სამუშაო ვერსია 1996 წელს შექმნა, 200 ქალთან აღებული ინტერვიუს მიხედვით.

პიესაში იუმორით და ირონიით არის გადმოცემული ქალის სექსუალობასთან დაკავშირებული პრობლემები. ენსლერი ქალებს საკუთარი სხეულის შეცნობისკენ და სექსუალური თავისუფლების შეგრძნების გზით რეალური დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ მოუწოდებს.

2012 წელს 5 800-ზე მეტი წარმოდგენა დაიდგა.  ”ვაგინის მონოლოგების” ავტორი, ივ ენსლერი, ამ პიესისთვის ობის პრიზით (ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრიზი აშშ-ში) დაჯილდოვდა. პიესა თარგმნილია ოცდაოთხ ენაზე (ახლა უკვე ქართულადაც) და ინსცენირებულია ოცზე მეტ ქვეყანაში (მათ შორისაა ბულგარეთი, თურქეთი, კოლუმბია, ეკვადორი, ინდონეზია, სლოვაკეთი, ხორვატია, სერბეთი, კორეა, ისრაელი, პაკისტანი, იაპონია).

მოწოდება ხელისუფლებას თავშესაფართან დაკავშირებით

პრეს-რელიზი

“იდენტობა” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას  სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში გახსნას თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის. თბილისში დამდგარმა ყინვებმა უკვე იმსხვერპლა სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე.

მოქალაქეთა პეტიცია თავშესაფრის გახსნის მოთხოვნით

დღეს, დაახლოებით 12 საათისთვის,  ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველის თქმით,  იმ მომენტისთვის როდესაც მან მოვაჭრეთა შორის დაგდებული სხეული შენიშნა, მისი სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, მაგრამ პულსი უკვე აღარ ენიშნებოდა.

“იდენტობას” ინიციატივას  უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფრის გახსნის თაობაზე ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის მაგივრად ცინიკური  და აგდებული დამოკიდებულება მოჰყვა, რისი  სასიკვდილო შედეგიც დღეს  უკვე სახეზეა. ორგანიზაციის მიმართ ძალადობის მუქარა ღიად გაჟღერდა საპატრიარქოს მხრიდანაც, რომელზეც ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია. ამი გამოც, ჩვენ იძულებულნი გავხდით თავშესაფრისთვის გადმოცემული ფართი მფლობელისთვის დაგვებრუნებინა. ამჟამად, ჩვენთვის შეუძლებელია მოვიძიოთ ფართი სადაც თავშესაფარს გავხსნიდით. დაუსჯელობით გათამამებულ რელიგიურ ექსტრემისტთა მხრიდან თავდასხმის და ძალადობის საფრთხე  კვლავ მაღალია.

მიუხედავად გადაუდებელი საჭიროებისა, არასამთავრობო ორგანიზაცითა დაინტერესებული ჯგუფი თავშესაფარს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში დამოუკიდებლად ვერ გახსნიან.  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის რთულია ისეთი მასშტაბის ადმინისტრაციული, სამედიცინო და მატერიალური რესურსების მყისიერი მობილიზება, რომელიც თუნდაც თბილისში მცხოვრებ ყველა უსახლკარო ადამიანს დაცულ, ადექვატურ და სათანადო სერვისებით აღჭურვილ ღამის თავშესაფარს შესთავაზებდა უახლოეს დღეებში.  ორშაბათიდან თბილისში ტემპერატურა უფრო მეტად, -5 გრადუსამდე დაეცემა. ეს სასივკდილო შემთხვევების ზრდას გამოიწვევს.

“იდენტობა” დაჟინებით მოუწოდებს ქ. თბილისის მერიას, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სამინისტროებს სასწრაფოდ უზრუნველყონ უსახლკარო ადამიანები უსაფრთხო ღამის თავშესაფრით.  საქველმოქმედო ღონისძიებებით, ჩვენ მობილიზებული გვაქვს 3000 ლარამდე, რომელსაც  სიამოვნებით გადავცემთ თავშესაფარს. ასევე, მზად ვართ მოხალისეობრივად ჩავერთოთ თავშესაფრის საქმიანობაში.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ორგანიზაცია „იდენტობას“ მიერ თავშესაფრის ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეშფოთებულია სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით

lpwewvytcdzfwaykvwqy

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავშესაფართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. მის, როგორც წინა წლების, ასევე ბოლო, 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ამავე ანგარიშში სახალხო დამცველი ძირითად პრობლემად განიხილავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობას, რაც, სხვა წინააღმდეგობებთან ერთად, სათანადო საცხოვრისის უფლებით სარგებლობისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. სახალხო დამცველისთვის ქ. თბილისის მერიიდან მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის განმავლობაში თვითმმართველობის ორგანოს თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართა 7 657 ოჯახმა, საიდანაც 2012 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა (საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2012 წელი, სათანადო საცხოვრისის უფლება, გვ. 575–583).

უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომის არარსებობის პირობებში, საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივას უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრის გახსნის შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა, მისი შესრულება ვერ ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგიის და გეგმის არარსებობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მიეღოთ ყველა ზომა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

სათანადო საცხოვრისის უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელთა მონაწილე საქართველოა და შესაბამისად, აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–11 მუხლი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, აღიაროს თითოეულის უფლება  „ჰქონდეთ სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა… მონაწილე სახელმწიფოები… მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის“. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოთა ვალდებულებაა ყოველი ადამიანი უზრუნველყონ ცხოვრების სათანადო დონით (მუხლი 25). ევროპის სოციალური ქარტია, გარდა ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულებისა, სახელმწიფოებს აკისრებს უსახლკაროთა შემცირებისა და ეტაპობრივი აღმოფხვრის მოვალეობას (მუხლი 31).

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, 13 ნოემბრის განცხადებაში ხაზგასმულია ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. მინისტრს საკითხი განხილული აქვს უსახლკარო ბავშვების დახმარების ჭრილში, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის „იდენტობა“ პირველად განცხადებაში, რომელიც მათ ვებ–გვერდზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ ინიციატივა ითვალისწინებს თავშესაფრის გახსნას „ყველაზე გაჭირვებული, მრავალშვილიანი და უსახლკარო ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავთ და ზამთარში ქუჩაში ცხოვრობენ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის შეფასება ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივის  არასწორ განმარტებას ეფუძნება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.  . . . მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.“

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები სრულ შესაბამისობაში მოდის ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივასთან, რომელიც გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის გახსნას გულისხმობს.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ აღნიშნული ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეშფოთებულია სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკრეტული ჯგუფის მიმართ ძალადობის წაქეზების საფუძველი.

ხოლო, რაც შეეხება მუქარას და ძალადობის საფრთხეს, რის შესახებაც ორგანიზაცია მის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამახვილებს ყურადღებას, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად, რათა მინიმუმამდე შეამცირონ უსახლკარო პირთა ქუჩაში გაყინვისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს და საზოგადოებას.